ბითაძე: „ევროპული საქართველო“ მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ოქმებთან დაკავშირებით

429

„ევროპული საქართველო“ მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ოქმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დღეს, გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც გუშინ გავრცელდა „ევროპული საქართველოს“ მხრიდან. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, ორი დღის წინ საზოგადოებას მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, ასევე წარუდგინა პრეზენტაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, გაბათილებული ოქმები, ე.წ დისბალანსები, შედეგების გამოცხადების ვადები, ასევე მის მიერ წარმოდგენილი იყო კონკრეტული მაგალითები, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ოპოზიციური პარტიიდან, ვერც ერთი ციფრი, ვერც ერთი არგუმენტი და საერთოდ ნულია რეაგირება ბატონი შალვას მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე. სამწუხაროდ, კვლავ თავს გვახვევენ, ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის იმ კონკრეტულ მაგალითებთან დაკავშირებით, რომელიც შალვა პაპუაშვილის მიერ იქნა ორი დღის წინ წარდგენილი კონკრეტულ ოქმთან და კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით.

კონკრეტულად ის თემა, რაზეც დღევანდელ ბრიფინგზე მინდა მოგახსენოთ, შეეხება ორ მაგალითს. პირველი არის 57-ე უბანი. 22-58 ოქმთან დაკავშირებით, რომელზეც დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ბატონმა შალვამ, თუმცა გუშინ ბატონმა სერგი კაპანაძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა კვლავ ამ ოქმთან დაკავშირებით მიაწოდა ცრუ ინფორმაცია საზოგადოებას და ელემენტარულად არასერიოზულია, როდესაც უკვე ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოქმთან დაკავშირებით, ის ისევ შეეცადა, უკან დაებრუნებინა ინფორმაცია და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.

ამის მიზეზი სავარაუდოდ ორია. მათ პრობლემები აქვთ არითმეტიკასთან ან დოკუმენტების სრულფასოვან წაკითხვასთან. ან კვლავ ცდილობენ, რომ დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე შექმნან ვირტუალური, მოდელირებული რეალობა. ამ კონკრეტულ ოქმთან დაკავშირებით, 57-ე უბანთან დაკავშირებით მინდა, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია.

ამ უბანში ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 357-ს შეადგენს. კომისიის წევრებმა, შეცდომით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გადმოიტანეს იმ გრაფაში, რომელმაც უნდა დაადასტუროს მიმსვლელი ამომრჩევლების რაოდენობა, ეს იყო მექანიკური შეცდომა და საბოლოო ჯამში გამოვიდა 202-ით მეტი, 202 ციფრში იყო სხვაობა. ამასთან, კომისიის ყველა წევრი, ხელს აწერს ამ ოქმს, მაგრამ იქვე ადგენენ შესწორების ოქმს, სადაც ასევე ყველა ოქმის წევრი აწერს ხელს და ადასტურებს, რომ რეალურად, ადგილზე მისული იყო არა 357, არამედ 155 ამომრჩეველი.

ეს არის შესწორების ოქმი, რომელსაც ბუნებრივია აწერია დრო როდის დგება ეს ოქმი.  ეს დრო არის 21 საათი და 28 წუთი. შესწორების ოქმი არის იმ წუთასვე შედგენილი და ყველა, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ბუნებრივია, აწერენ ხელს, როგორც შესწორების ოქმს, ასევე ძირითად ოქმს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, სერგი კაპანაძე ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს, რომ ასეთი შემთხვევები არჩევნებზე მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული.

„ძალიან მარტივია, ყველას დაგირიგებთ და თქვენივე თვალით იხილავთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე. სამწუხაროა, რომ ასეთი მაგალითებით ხდება აპელირება, მაშინ როდესაც ჩვენ მიერ იყო ეს ოქმი მოყვანილი, როგორც ერთ-ერთი შესწორების მაგალითი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გარდა ამისა, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ პარადოქსულია საბურთალოს 73-ე უბანთან დაკავშირებით სერგი კაპანაძის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ სხვა პარტიის სასარგებლოდ 35 ხმა მოპარეს.

„ალბათ, გაინტერესებთ, რომელ სხვა პარტიაზეა საუბარი. ეს არის პარტია „მოქალაქე“, ბატონი ალეკო ელისაშვილი. მას ჰქონდა შემთხვევით დამატებული „ევროპული საქართველოს“ 30 ხმა, ხოლო 5 ხმა იყო გაბათილებული. ეს არის შესწორება.  ბუნებრივია, საბოლოი ჯამში გასწორდა სასამართლოს მიერ, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის ის, როდესაც ბატონი სერგი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ძალიან სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს იმაზე აპელირება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თურმე გააყალბა არჩევნები ბატონი ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ და „ევროპულ საქართველოს“ მოპარა 30 ხმა და ის გადასცა ბატონ ალეკო ელისაშვილს.

ეს ორი მაგალითი არის აბსოლუტურად ნათელი ლუსტრაცია იმისა, თუ რას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები. ნაცვლად იმისა, რომ გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, კვლავ ტირაჟირებენ სიცრუეს. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ტირაჟირებენ ისეთ სიცრუეს, რომელიც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, ვნახოთ ფურცლებით, გასაჩივრების, შესწორების ოქმებით და ყველაზე მნიშვნელოვანი, თვალნათლივ დავინახეთ ეს იმ პრეზენტაციაში, რომელიც საჯაროა და რომელიც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ორი დღის წინ მოამზადა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, „გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში და ნუ შეეცდებიან, 21-ე საუკუნეში საინფორმაციო საშუალებები მოსახლეობის მოსატყუებლად გამოიყენონ“.

„ქართველი ერი არ არის ამ სიცრუის ღირსი და ეს არ არის ევროპული ღირებულებები, რომლებზეც ჩვენ ასე ფართოდ ვსაუბრობთ, მათ შორის საუბრობენ ოპოზიციური პარტიებიც“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს “ევროპული საქართველოს” ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ სასამართლოებმა იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის “ევროპულმა საქართველომ” შეიტანა, დაასრულეს და ამ სარჩელების 99% არ დაკმაყოფილდა.