იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასათან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს, სიცრუეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
“საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი. აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება. სასამართლოს მიერ, საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16%-ზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი”, — წერია საბჭოს განცხადებაში.
მათი განცხადებით, საერჩელების საერთო რაოდენობის 37%-ზე მეტი შეეხებოდა არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას.
“რამდენადაც საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 42-ე მუხლის, 78 -ე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დადასტურდა საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წარდგენის ფაქტი, აღნიშნულით გამოირიცხა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისა და შეფასების შესაძლებლობა”, – აცხადებს საბჭო.
11 ნოემბერს “ევროპული საქართველოს” ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ სასამართლოებმა იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის “ევროპულმა საქართველომ” შეიტანა, დაასრულეს და ამ სარჩელების 99% არ დაკმაყოფილდა.