“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ, თითქმის, მომზადებული მოლაპარაკებები ჩაიშალა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აპირებდა გაურკვევლობაში დარჩენასა და თვალთმაქცობას.
“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი-2-ზე, ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ:
იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?
პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი-2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული. ის ლიდერი კი —საჯაროდ ჯვარცმული”, — განაცხადა ჯაფარიძემ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვინ ან რატომ ჩაშალა დიალოგი, ან კონკრეტულად, რა საკითხებზე უნდა ყოფილიყო ის:
“თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ”, – აცხადებს ის.
კითხვაზე როდის უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე პასუხობს, რომ “ახლა”.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის არ იცის, კვლავ მზად არიან თუ არა საელჩოს წარმომადგენლები, იყვნენ შუამავლები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა.
პირველ განცხადებაში მან პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს “ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად” ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ “ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით”.
ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, “რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით”.
განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ამის შემდეგ მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.