ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში ახალი მედიაციის რაუნდს არ უნდა ელოდონ. მისივე თქმით, 2020 წელს ევროკავშირის ჩართულობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციაში იყო ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ქართველმა პოლიტიკოსებმა საკითხების თვითონ გადაჭრა უნდა დაიწყონ.
“ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, ფასილიტაცია გაგიწიოთ, მაგრამ ფასილიტაციის ერთ-ერთი მეთოდი არის თანამშრომლობა უშუალოდ საქართველოს პარლამენტში. მედიაციის კიდევ ერთი რაუნდი იქნება თუ არა, სპეკულაციებს არ დავიწყებ. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მე არ ველოდები. ჩემი შეთავაზებაა, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ. პოლიტიკურ პოლარიზაციასთან და რეფორმებთან დაკავშირებით საქართველო არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ევროკავშირზე. ქართველი პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ და რეფორმების კეთება დაიწყონ”, — განაცხადა კალიურადმა საიას მიერ ორგანიზებულ ონლაინ პანელურ დისკუსიაზე.
დისკუსიის თემა იყო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ვიოლა ფონ კრამონის გარდა მასში მონაწილეობდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, მარინა კალიურანდი და სხვები.