ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დიალოგი არის ცივილური ფორმა, თუმცა, გააჩნია დიალოგის საგანს.
„რა თქმა უნდა, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა, რომლითაც უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ დიალოგს გააჩნია საგანი, რაზე ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, თუ ჩვენ უბრალოდ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ხელი ჩამოვართვათ და გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს. თუ ჩვენ ვსხდებით იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, რა თქმა უნდა, ასეთ დიალოგს აზრი აქვს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა დიალოგის პროცესი მზადდებოდა საერთაშორისო პარნტიორების ჩართულობით.
„შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვინ ან რატომ ჩაშალა დიალოგი, ან კონკრეტულად, რა საკითხებზე უნდა ყოფილიყო ის:
“თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ”, – აცხადებს ის.
კითხვაზე როდის უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე პასუხობს, რომ “ახლა”.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის არ იცის, კვლავ მზად არიან თუ არა საელჩოს წარმომადგენლები, იყვნენ შუამავლები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა.
პირველ განცხადებაში მან პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს “ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად” ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ “ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით”.
ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, “რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით”.
განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ამის შემდეგ მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.