პოლიტიკური პარტია “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წევრები შეხვედრას მართავენ. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრაზე ისაუბრებენ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სამოქმედო გეგმაზე, მაგ შორის შაბათს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის დეტალებზე.
„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის კვლავ მზადაა, თუმცა პირობა, რომ მოლაპარაკებები ხელახალ არჩევნებს უნდა შეეხებოდეს, ძალაში რჩება.
„საზოგადოებრივი პროტესტი არის აბსოლუტურად ბუნებრივი იმ გაყალბებაზე, რომელიც ჩვენ არჩევნებზე ვნახეთ, ამიტომ პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანაა, რომ ამ პროცესის კონსოლიდაცია და მართვა მოახდინოს. ეს არის მოსახლეობის განწყობა, რომელიც გამოდის ხოლმე აქციებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის მზაობა დიალოგთან დაკავშირებით შეიცვალა. პირველივე დღიდან მოვუწოდებდით ხელისუფლებას და ახლაც მოვუწოდებთ, რომ დავიწყოთ დიალოგი ხელახალ არჩევნებზე სარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის ცვლილებაზე. ეს პირობა არის ძალაში და ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლებამ ამ დიალოგისკენ რეალური ნაბიჯი გადმოდგას. საპასუხოდ ვისმენთ აგრესიას, დაცინვას და შურაცხმყოფელ განცხადებებს ოპოზიციის და რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეების მისამართით. ეს ამ ყინულის გადნობას ხელს არ შეუწყობს”,- განაცხადა ბუაძემ.