ოპოზიციასთან დიალოგი წარმომიდგენია ასეთ ფორმატში: თუკი ოპოზიციას არჩევნების ვითომ გაყალბების თაობაზე რაიმე მტკიცებულება გააჩნია, წარმოადგინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კახიანის თქმით, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, მტკიცებულებები წარადგინოს, რადგან „მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ჰაერზე საუბარს, ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვხედავთ“.
კახიანის შეფასებით, ოპოზიცია წინასწარ, არჩევნებამდე დაგეგმილი სცენარით მოქმედებს და არჩევნების გაყალბების თაობაზე არანაირი რეალური ფაქტები არ გააჩნია.
“დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალას, რომელიც საკუთარ თავში არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ ხედავს, არეულობის, გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნის სცენარი აქვს არჩეული, მაგრამ როგორც აქამდე იყო უშედეგო, ახლაც უშედეგოდ დასრულდება. ჩვენ ვხედავთ გამოგონილ შეფასებებს არჩევნების ვითომ გაყალბების თაობაზე. ოპოზიციას ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ამასთან, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდა როგორც კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები, სადაც დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები – არავის საერთაშორისო არენაზე არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. როცა მტკიცებულება არა გაქვს, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე ლაპარაკიც არ შეიძლება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, სულ რაღაც 0.17%-ია ე.წ. დაუბალანსებელი ხმა და ასეთ შემთხვევაში არჩევნების გაყალბებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. გარდა ამისა, როგორც კახიანი აცხადებს, გასწორებულია ყველა ის ოქმი, სადაც ციფრები იყო გადაკეთებული.
“ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სათქმელია, რომ თითქოს უბნებზე დისბალანსი იყო. ოქმებში დისბალანსი წინა არჩევნების დროსაც იყო და 31 ოქტომბრის არჩევნები ამ თვალსაზრისით გამორჩეული არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო უბანზე მაგალითად 500 ამომრჩეველი მივიდა და საარჩევნო ყუთში იყო 496 ბიულეტენი. ასეთი დისბალანსი უბანზე ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შექმნას, როცა ორი ბიულეტენიდან ერთი შეიძლება ჯიბეში ჩაიდოს, ხოლო მეორე – ყუთში ჩააგდოს. ციფრებში კი, დაუბალანსებელი ხმების საერთო რაოდენობა არის 3 370. ეს არის მთლიანი ხმების 0.17% ანუ თურმე ხმების 0.17%-იანი დისბალანსით შეიძლებოდა არჩევნების გაყალბება“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
კახიანი იმასაც ამბობს, რომ “კომპრომისი იმის სასარგებლოდ, რომ ხალხის ნების გამოხატულება არ იყოს უზრუნველყოფილი, არ იქნება“.
“ოპოზიციას თვითონაც არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბებულია – უბრალოდ საზოგადოებას აბნევენ. გადაცდომებს ისეთი გავლენა არ ჰქონია, რომ არჩევნების შედეგები შეეცვალა“, – დასძინა კახიანმა.