კარგად მესმის, გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის დავალებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.
„თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალებაა, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ეს არის მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების დავალება. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი ამას სრულად იზიარებს, იმის მიუხედავად, რომ კარგად მესმის გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როცა საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილნი ყოფილიყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი, პასუხისმგებლობის ქვეყანაზე და მომავალზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ, გააკეთა მაშინ, როცა მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი რეგიონში, მაშინ როცა გლობალური პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, მაშინ როცა ეკონომიკური კრიზისი უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო გამიზნული მესიჯი თითოეული პოლიტიკური ძალისთვის და პოლიტიკოსისთვის – ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში კრიზისებიდან. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად რაც დღეს გვჭირდება, ეს არის მდგრადი პოლიტიკური პროცესი იმისთვის, რომ საქართველოს ამბიციური ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ამ გეგმის შესრულება. ეს არის ყველაზე მნიშვენლოვანი და თვითონ საარჩევნო პროცესი და მისი შემდგომი პროცესი უნდა იყოს კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში შემდგომი დემოკრატიული განვითარების გაძლიერების,“- განაცხადა გახარიამ.