“ევროპული საქართველოს” ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მისთვის “სიურპრიზია” გრიგოლ ვაშაძის განცხადება, თითქოს ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა. მისივე თქმით, ისინი ელოდებიან, როდის გაიმართება მოლაპარაკებები.
“არანაირი მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენი მოთხოვნები მათთვის ცნობილია, რეგულარულად ვამყოფებთ მათ საქმის კურსში. ველოდებით, რომ მოლაპარაკებები გაიმართება. არ მესმის როგორ შეიძლება, ჩაშლილიყო მოლაპარაკებები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა”, – ამბობს სერგი კაპანაძე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვინ ან რატომ ჩაშალა დიალოგი, ან კონკრეტულად, რა საკითხებზე უნდა ყოფილიყო ის:
“თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ”, – აცხადებს ის.
კითხვაზე როდის უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე პასუხობს, რომ “ახლა”.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის არ იცის, კვლავ მზად არიან თუ არა საელჩოს წარმომადგენლები, იყვნენ შუამავლები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა.
პირველ განცხადებაში მან პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს “ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად” ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ “ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით”.
ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, “რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით”.
განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ამის შემდეგ მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.