ზუგდიდის საოლქო კომისის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით დღეს, შედგა შემაჯამებელი ოქმი პროპროციულ და მაჟორიტარულ ნაწილში. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
რაც შეეხება საჩივრებს, მისივე თქმით, საჩივრები “თითზე ჩამოსათვლელი იყო”.
“64 საჩივარი იყო რეგისტრირებული კენჭისყრის დღეს და მომდევნო დღეებში, აქედან 48 განუხილველი დარჩა, სულ 2 ხდომა ჩატარდა, 11 განვიხილეთ, აქედან 1 დაკმაყოფილდა სრულად, 2 ნაწილობრივ, 8 არ დაკმაყოფილდა. გაასაჩივრეს “სამართლიანმა არჩევნებმა” , ბესელიას და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რაიონულმა სასამართლომ ჩვენი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, 2 გადაწყვეტილება “სამართლიანი არჩევნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, აპელაციამაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში”, – განაცხადა მირანდა მესხმა.
მისივე თქმით, შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზი არ არის.
“რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ეს მათი უფლებაა გამოხატონ თავიანთი ნება, ჩემი ოლქის მასშტაბით, ოქმებს, რომელიც ატვირთულია ცესკოს ვებ-გვერდზე, არცერთს არ ერთვის განსხვავებული აზრი. საუბნო საარჩვენო კომისიების შემადგენლობა აწერს ხელს ყველა უბანზე, არავის არანაირი პრეტენზია არ გააჩნია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით. რაც განვიხილეთ ეს საჩივრები იყო კენჭისყრის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც არ იქონია გავლენა შედეგებზე. 89-ე უბანი ყველასათვის ყურადსაღები იყო სადაც მოხდა მაჟორიტარული ბიულეტენით ხმის მიცემის პროცედურა, 39 ადამიანზე და ზუსტად 39-ით ნაკლებობა არის პროპორციულ ნაწილში, ამ კონკრეტულ უბანზე შემაჯამებელ ოქმში, დანარჩენი ხარვეზი შემაჯამებელ ოქმებში არ გვაქვს”.
დღეს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა საოლქოსთან საანგარიშო მიიტანეს, იმის ნიშნად, რომ ძველებური, საბჭოთა მეთოდებით ითვლიან ამომრჩეველთა ხმებს და რომ შემდეგში მაინც დაითვალონ სწორად. საბოლოოდ, პოლიციამ მათ არ მისცა ნივთის საოლქოში შეტანის შესაძლებლობა. თეიმურაზ ბასილაიამ საანგარიშო შენობის მიმდებარედ, ხეზე დაკიდა.