სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ გაზდელიანი დააკავეს.
გაზდელიანი თანამოაზრეებთან ერთად კომისიის შენობასთან აქციას მართავდა, რა დროსაც შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერის დაკვრა სცადა. სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.
გაზდელიანმა დაკავებამდეც სცადა სტიკერის გაკვრა შენობასთან, რასთან მიმართებითაც გაფრთხილება მიიღო ადგილზე მობილიზებული პოლიციის მხრიდან. სტიკერის ხელმეორედ გაკვრის მცდელობისას კი ის პოლიციამ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს შემაჯამებელ ოქმს გამოსცემენ. ბოლო სხდომები 3 საათზე დაიწყო. პარალელურად კომისიებთან აქციებს ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები მართავენ.