თბილისში, სამგორის, გლდანისა და ვაკის რაიონებში, საოლქო კომისიებთან ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პარალელურად კი, კომისიებში სხდომა მიმდინარეობს.
“ქურდები,ქურდები” , – ამ შეძახილით სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ნაციონალური მოძრაობის ” აქტივისტები აქციას მართავენ. პარალელურად კი შენობაში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
აქტივისტების თქმით, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, და აცხადებენ, რომ საოლქო კომისიის დღევანდელ სხდომაზე “უკანონობა ხდება”. კომისიის სხდომაზე შესვლას ითხოვს ” ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესიკ შენგელია, თუმცა , როგორც მან განმარტა ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.
ასევე აქცია მიმდინარეობს გლდანის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა უნდა გაიმართოს, სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
საოლქო კომისიათან ასევე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც დღეს კომისიის ბოლო სხდომა მიმდიმარეობს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებით თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია.
„დღეს ვაკე-საბურთალოს ოლქში ხდება შემაჯამებელი ოქმების დაკანონება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პოზიცია დავიცვათ და მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება, ვითხოვთ თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალი არჩევნები ჩატარებას”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა ქართველიშვილმა.
შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.