ფოთში, #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა. შეკრებილები საოლქოს წევრებს მოუწოდებენ, ხელი არ მოაწერონ აღნიშნულ ოქმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის რისხვას ვერ გაექცევიან. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ საოლქოს, ამხელა ტვირთს, ივანიშვილის სიბინძურის ტვირთს ნუ აიღებენ თავიანთ მხრებზე. გონიერებას მოუხმონ და საერთოდ არ შეადგინონ ეს შემაჯამებელი ოქმი, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამ ოქმს არ ცნობს და ითხოვს თამარ ჟვანიას გადაყენებას, ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მოვუწოდებთ ნუ გააკეთებენ ამას, რაც გააკეთეს იკმარონ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია.
საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.