ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლის მშენებლობა დეკემბერში უნდა დასრულდეს

342

კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულება 20 დეკემბრისთვის იგეგმება. ამ სკოლის მშენებლობა ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც პროექტის მენეჯერი გია დავითულიანი ამბობს, ქვეყანაში შექმნილმა ეპიდისტუაციამ მშენებლობის ვადა გაახანგრძლივა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ამ ეტაპზე სკოლაში მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების, გარე ტერიტორიაზე კომუნიკაციების მოწყობისა და მინების ჩასმის სამუშაოები.

„ჯანდაცვის სამინისტროსგან მოწოდებულ რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვიცავთ. ყველანაირად ვფრთხილობთ. კორონავირუსი ჩვენს ერთ თანამშრომელსაც რომ აღმოაჩნდეს, თვითიზოლაციაში გადასვლა ორი კვირით მოგვიწევს.

ობიექტზე დასაქმებულებს ინსტრუქტაჟი უტარდებათ. დასაქმებულების რაოდენობა შევამცირეთ, რათა დისტანციის დაცვა ადვილად მოხერხდეს. მაგალითად, თუ ოთახში სამღებრო სამუშაოებს ოთხი ადამიანი აწარმოებდა, ახლა ერთი, ან მაქსიმუმ ორი მუშაობს. ასე დისტანცირება უფრო ადვილია, თუმცა მუშაობის ტემპი იკლებს. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ მშენებლობის ვადის დეკემბრამდე გადაწევა მოვითხოვეთ“, – ამბობს გია დავითულიანი.

150 მოსწავლეზე გათვლილ კიცხის საჯარო სკოლის შენობას მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამხანაგობა შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტი“ 2 420 643 ლარად აშენებს.