ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერის წარმომადგენლად დ. ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულში ალექსანდრე ტაბატაძე, ბორითში – ხათუნა ჯობაძე, ხოლო საღანძილეში გიორგი კიკნაძე დაინიშნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
კახა გოლუბიანი ამბობს, რომ მათმა წინამორბედებმა – ბაქარ ბარბაქაძემ, ზურაბ ბარბაქაძემ და პაატა ფცქილაძემ თანამდებობები საკუთარი განცხადებით დატოვეს.
ბაქარ ბარბაქაძემ საქმიანობა ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელად გააგრძელა, პაატა ფცქიალაძე ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ზურაბ ბარბაქაძე რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე მუშაობს.
ამ დრომდე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების უფროსები არ დანიშნულან. კახა გოლუბიანი ამბობს, რომ სამსახურის უფროსი შეიძლება ორი წლის განმავლობაში არ დაინიშნოს და მის საქმიანობას „მოვალეობის შემსრულებელი“ ახორციელებდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში, „ბავშვის უფლებათა კოდექსიდან“ გამომდინარე, სამ ახალ შტატზე – ინსპექტორისა და სოცმუშაკი – გამოცხადებული ღია კონკურსით მხოლოდ ინსპექტორი შეარჩიეს.
ხარაგაულის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ინსპექტორად მამუკა ფერაძე დაინიშნა. მამუკა ფერაძე სხვადასხვა წლებში ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად, ხარაგაულის სატყეოში რეინჯერად, ხარაგაულის მერიის მიწის აღიარების კომისიაში მუშაობდა. ბოლო ერთი წელია, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში სკოლის ტრანსპორტის სვლა-გეზების შემოწმება ევალებოდა.
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, „კოორდინატორისა და სოცმუშაკის შტატებზე ღია კონკურსი უახლოეს დღეებში ხელმეორედ გამოცხადდება, რადგან მონაწილეებმა წინა კონკურსში პირობები ვერ დააკმაყოფილეს“.