“ლელოს”დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ამის შესახებ „ლელოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თორნიკე ართქმელაძემ განაცხადა, კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, მთავრობას არ აძლევს უფლებას, მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდოს. ამასთან, მისი თქმით, დაწესებული სანქცია არაპროპორციულია და ლეგიტიმური მიზნების მიღწევას არ ემსახურება.
გარდა ამისა, „ლელო“ გუშინ, აქციაზე დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმის გასაჩივრებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ეპიდემიის დროს ადამიანის შეკრებისა და გადაადგილების უფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს და პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე. გარდა ამისა, კანონი, რომლის საფუძველზეც არის მიღებული აღნიშნული რეგულაცია, არ აძლევს მთავრობას უფლებას, რომ შეზღუდოს პირების გადაადგილება და არ აძლევს უფლებას შეზღუდოს შეკრება და მანიფესტაცია. ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. არ ვაპირებთ თვეების განმავლობაში ველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, როდის მიიღებს ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას და სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ საქმის დასრულებამდე უნდა მოხდეს აღნიშნული აქტის მოქმედება და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩანიშნოს გამწესრიგებელი სხდომა და განიხილოს საკითხი – შეჩერდეს თუ არა აღნიშნული რეგულაცია“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ. აქციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა დაწესებული შეზღუდვების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და პარლამენტის შენობასთან დარჩა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.