შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სამცხე-ჯავახეთში ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბა აბასთუმანში სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა აშენდა, რომლებიც სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. მოეწყო ნაპირდამცავი კედელი, აშენდა ხიდი და გაიწმინდა სარწყავი არხი.
„განხორციელებული პროექტის შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.