შსს: ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება

709

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ში, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადეს, ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც კანონს არღვევს.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მოგიწოდებთ დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.

შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით“, – განაცხადეს შსს-ში.

22 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შვიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომლის თანახმადაც, 22 საათის შემდეგ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.

ამის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის “სირცხვილია” ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო. მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი ხელისუფლების მიერ სპეციალურად აქციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.

ცოტა ხნის წინ აქციაზე პოლიციამ მოძრაობის სამი აქტივისტი დააკავა. დაკავებულები არიან გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი. მათი დაკავება ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობას მოყვა.

როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდა. მოთხოვნები უცვლელია – თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაც გამოაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ გააცნო. მისი თქმით, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.