საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანა სამართალდამცავებმა აღკვეთეს იმიტომ, რომ მას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოქალაქეებს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის საშუალება არ მისცეს.
“შეშა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანების მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციას ამ ნივთის შეტანის შეზღუდვის უფლება აქვს. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებების გამოყენებით. მოიტანონ და გათბნენ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
საპატრულო პოლიციამ აქტივისტ ნოდარ რუხაძეს პარლამენტთან შეშა არ მიატანინა.
ის ქუჩაში სამართალდაცველებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ შეშით გადაადგილებას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ რუხაძემ შეშა შტაბში წაიღო. რუხაძის განმარტებით, ისინი ღამით პარლამენტთან აპირებენ დარჩენას და შეშა გასათბობად სჭირდებოდათ.