უსუფაშვილი: მართლებიც და მტყუანებიც ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ

390

პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ, – წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით უსუფაშვილი.

„გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება,“ – წერს დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ნაწილს დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე და ნაწილი გადაიყვანეს კლინიკაში.