აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება

308

აჭარის მთავრობის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები კარვებში იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, წუხელ, თბილისში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების” საბოლოო კრახზე მიუთითებს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობა მალე დასრულდება.

შეკრებილების თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს.

„წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არ იყო აუცილებელი, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცესკო-ს შენობასთან ფაქტობრივად მისული არ იყვნენ, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების მიმართ გაუფრთხილებლად ძალა გამოიყენა. ადამიანები დაშავდნენ იმის გამო, რომ მოპარულ არჩევნებს „ქართულ ოცნებას” არ ვპატიობთ. ჩვენ აქ ვრჩებით და ვაგრძელებთ პროტესტს”,- აღნიშნავენ აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები

ცნობისთვის, ბათუმში საპროტესტო აქცია გუშინ, 15:00 საათზე, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

თბილისში, 8 ნოემბერს ღამით, ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ. მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.