ელენე ხოშტარია: პროტესტი გრძელდება, ვიდრე არ წავა „ქართული ოცნება“

374

გამძლეობით, პრინციპულობით, შემართებით და არდაღლით, მივაწვეთ ბოლომდე და აუცილებლად გავაგდებთ ამათ აქედან, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქტივისტებს.

ხოშტარიას განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება არ წავა“.

„ქართული ოცნება“ არის კრიმინალი და არის ამოფარული პოლიციელებს, ამიტომ როგორც ვიძახდით, გამძლეობით, პრინციპულობით, შემართებით და არდაღლით, მივაწვეთ ბოლომდე და აუცილებლად გავაგდებთ ამათ აქედან. მთავარია არ დავიღალოთ, მთავარია ვირწმუნოთ, რომ ჩვენშია ძალა, თქვენშია ძალა, იმ ადამიანებში, რომლებმაც მთელი ქალაქი გამოიარეს და შეშინებული პოლიცია დახვდათ აქ და ხელისუფლება, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა ჭავლისა და გაზისა, მერე გამოდიან და იტყუებიან კიდევ. პროტესტი გრძელდება, ვიდრე არ წავა „ქართული ოცნება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.