შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციას ცესკოსთან აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია

394

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.

როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე გაზი გამოიყენეს.

„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენება გაზი“, – განაცხადა საბანაძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.