ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკო-თან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ის ადგილზე რჩება და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
„ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება, ეს ნაძირალა კობახიძე. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს, რაც უნდა ის გამოიყენონ, მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე ვიქნები ჯანმრთელი და ცოცხალი, აქ ვიბრძოლებ.
ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, შესაბამისად, გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ. თქვას თამარ ჟვანიამ, რომ გადადგა, თორემ აქ ასე მთელი ღამე გაგრძელდება, ჯარი კი ნუ დაგვახვედრეს, თამარ ჟვანია დაგვახვედრონ, რომელმაც მოიჭრა თავი საქართველოს წინაშე და მოიპარა არჩევანი. უნდა გადადგეს, სხვაგვარად არ დაწყნარდება არაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ. მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.
დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.