TI: შედეგების სასამართლოში გასაჩივრებაზე განცხადების შემდეგ, ცესკო დაგვიკავშირდა

204

წინა სტატია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ცნობით, მას შემდეგ, რაც 42 უბნის შედეგების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ განაცხადეს, ცესკოდან დაუკავშირდნენ და გასაჩივრებულ ოლქებზე ინფორმაციის მიწოდება თხოვეს. TI-ს ინფორმაციით, ცესკოს მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მათი ცალსახა პოზიციაა, რომ გადათვლებს მხარი დაუჭირონ.

“TI-მ”, ბუნებრივია, ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ოლქებზე, რომელთა უბნების ოქმებიც სასამართლოში გავასაჩივრეთ. ამასთანავე, ცესკოსთან კომუნიკაციის დროს განვაცხადეთ, რომ საკმარისი არ იქნება მხოლოდ იმ უბნების განხილვა, რომლებზეც ჩვენ სასამართლოებში ვდაობთ და ასევე, გულისყურით უნდა მოეკიდონ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

პარასკევს, 6 ნოემბერს, ცესკოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები განიხილეს, ვინც სწორი სამართლებრივი გზა აირჩია. TI-ს ინფორმაციით, ორგანიზაციამ 62 უბნის დაუბალანსებელი ოქმების გაუქმება და ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოითხოვა,

“თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამ საჩივრების 95% არ დაგვიკმაყოფილეს და გადათვლას მხოლოდ 3 უბანზე დათანხმდნენ. ამის შემდეგ კი გასაჩივრების პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა”, — განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროში გაწელვა ჩრდილს აყენებს საარჩევნო კომისიების რეპუტაციას და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აღრმავებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით გუშინ, 6 ნოემბერს მოითხოვა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ უბნებზე განსაკუთრებულად პრობლემური შემთხვევები იყო.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს უკვე 6 დღეა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებს. კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველზე აქციაც დაიგეგმა. პარტიებში აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ.