მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად მიიჩნია და პარლამენტში შესვლაზე ყველა საარჩევნო სუბიექტმა უარი თქვა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველდღიურად აქციები იმართება, 8 ნოემბერს კი, თბილისში საერთო ოპოზიციური აქციაა დაგეგმილი.
კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს”, “ლეიბორისტული პარტიის” და “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა “ლეიბორისტული პარტიის” შტაბიდან მეტროსადგურ “ღრმაღელემდე” მსვლელობა გამართეს, რითაც მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს და სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ფლაერები გადასცეს.
ასევე, კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამართა გაერთიანებულმა ოპოზიციამ სიანფორმაციო შეხვედრები გლდანის რაიონშიც, სადაც მოსახლეობას ფლაერები წარწერით – “გაყალბება”, ” კვირას, პარლამენტთან აქციაზე” დაურიგეს.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამ წუთებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ცესკო-სთან მორიგი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ცესკო-ს შენობასთან რკინის კონსტრუქციებია აღმართული, რომელზეც აქტივისტებმა წარწერები: „გაყალბების ბიურო“, „ჟვანია ციხეში“, გააკრეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები აქტივისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ.
ასევე, ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიასთანაც, სადაც მოძრაობა “იმოქმედეს” წევრებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობის მთავარი შესასვლელის კარზე ბოქლომი ჩამოკიდეს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, უმაღლესი საარჩევნო კომისია უფუნქციო დაწესებულებაა, სადაც მხოლოდ ხმების გაყალბებაზე მუშაობენ.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში აღნიშნულ უწყებას “დიდი წვლილი მიუძღვის”.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომლებმაც უსკოს შენობაზე დამაგრებული ბოქლომი მალევე მოხსნეს.