გამჭვირვალობა: 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით ვითხოვთ

462

42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით ვითხოვთ,  – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანეს.

“აქედან: 46 – არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, საიდანაც 41 არ დაკმაყოფილდა; დაგვეთანხმნენ მხოლოდ 5-ზე: ერთ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზების გამო გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა, 4 შემთხვევაში კომისიის წევრებს სხვადასხვა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრათ.

62 – შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსებს ეხებოდა.

“შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსების გამო ჩვენმა ორგანიზაციამ 62-ვე უბანზე ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა. აქედან:

40 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 19 განუხილველი დარჩა. 3 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები გადაითვალა. საბურთალოს 03.03.52 უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა:

„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მიღებული ხმების გრაფაში ეწერა ციფრი სამი, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 33 ბიულეტენი;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” გრაფაში ეწერა 2, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 42 ბიულეტენი;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გრაფაში ეწერა 1, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 21 ბიულეტენი.

დიდუბის 06.07.25 უბანზე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ურნაში 19-ით ნაკლები ბიულტენი იყო, ისინი დაკარგულად ჩაითვალა და საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დააკორექტირა.

ბათუმის 29.79.19 უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმში ამომჩეველთა რაოდენობა 1334-ით აჭარბებდა სარეგისტრაციო ჟურნალებში ამომჩევლების ხელმოწერების რაოდენობას. საოლქო კომისიამ გადათვლის შედეგად ახალი ოქმი შეადგინა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 42 უბანს, სადაც განსაკუთრებულად პრობლემური შემთხვევები იყო, სასამართლოში ასაჩივრებს,”- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელელ ინფორმაციაში.