ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, აქცია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის თავშეყრა, არ უნდა გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო.
„ჩემი ამოსავალი წერტილი გახლავთ, დეკლარაცია ადამიანის უფლებების შესახებ, ერთ-ერთი მთავარი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამაზე უფრო მაღალი უფლებაა ადამიანის სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოხატვას ვერავინ ვერავის ვერ და არ აუკრძალავს, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ, რომ მიტინგი იქნება თუ სხვა ტიპის შეკრება არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნებისმიერი სახის დიდი შეკრება ინფექციის გავრცელების წყაროა.
„კეთილი ვინებოთ, ვინც იქნება აქციაზე, ყველამ დავიცვათ დისტანცია, ყველა ჰქონდეს პირბადე, იყოს საშუალება, რომ ხშირად დავიმუშაოთ ხელები. არ იყოს მისალმება იმ ტიპით, რაც გვიყვარს ქართველებს, ერთმანეთთან ჩახუტება, გადაკოცნა და ასე შემდეგ. ამას მგონი ამ პერიოდის განმვალობაში პანდემიამ ცოტა გადაგვაჩვია“,-განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისში საერთო ოპოზიციური აქცია გაიმართება.