ბოკერია: წინა ორ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდია, უმძიმესი დარღვევებით ჩაიარა

312

წინა ორ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდია. უმძიმესი დარღვევებით ჩაიარა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2020 წლის არჩევნები წინა ორ საპარლამენტო არჩევნებს შეადარა.

მისივე თქმით, ყველა კომპეტენტური დამკვირვებელი შეთანხმებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი არ იყო.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ყველა კომპეტენტური დამკვირვებელი შეთანხმებულია იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, რომ მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ და შემდეგ საარჩევნო დღემ და ღამემ ჩაიარა უმძიმესი დარღვევებით, ამის გარშემო არის სრული კონსენსუსი, მაგრამ იმ უპეცედენტო გადაწყვეტილების ფონზე, რაც მიიღო მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, რომ ისინი არალეგიტიმურად ცნობენ, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და ყველა სხვა პოლიტიკური პარტია არალეგიტიმურად ცნობს ამ არჩევნებს და არ აპირებს ამ პარლამენტში მონაწილეობის მიღებას. ისმის ხოლმე კითხვები, მათ შორის ლეგიტიმური წყაროებიდანაც, თუ როგორ ვზომავთ, რამდენად დიდი იყო ამ დარღვევების ეფექტი საბოლოო შედეგზე და ისმის კითხვა, რა განსხვავება იყო ამ არჩევნებსა და 2016 წლის არჩევნებს, ან წინა საპარლამენტო არჩევნებს შორის. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია სერიოზული პრობლემებისა საარჩევნო კამპანიის დროს, პირველი არ არის ეს არჩევნები, სადაც პრობლემები იყო და რით გამოვარჩიეთ ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ ეს არჩევნები, როდესაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ლეგიტიმური კითხვაა და ჩვენი აზრით, იმ მაგალითებთან ერთად, რაც იხილა საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან საინტერესო იყო შეჯერება გარკვეული მონაცემების, რთულია ხშირად დაჭერა იმ ეფექტის, რაც მოაქვს დაშინებას, მოსყიდვას და სხვა მეთოდებს, მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა, ძალიან თვალნათელი შედარება მოახდინა იმ მონაცემების, როგორია დინამიკა ამ პრობლემების, რომელიც არსებობდა და რამხელა მასშტაბი ჰქონდა ამ სამარცხვინო მეთოდებს შედარებით წინა 2 საპარლამენტო არჩევნებისაგან”, – განაცხადა ბოკერიამ.