იმისთვის, რათა შექმნილ ვითარებას ეშველოს, საჭიროა, მეორე ტურს აზრი ჰქონდეს, – განაცხადა პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.
„ოპოზიცია და ხელისუფლება ამ შემთხვევაში გავიდეს მეორე ტურზე. პოლიტიკურად შევთანხმდეთ იმაზე, რომ მეორე ტურში არ მოვიპარავთ და ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებულ-დამარცხებული, პარლამენტში შევა იმ პირობით, რომ ერთი წლის ფარგლებში, შეიძლება, ორ თვეში, სამ თვეში ან გაზაფხულზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება, ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ჰყავს თუ არა მომხრეები ამ ინიციატივას, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „გირჩი“ ოპოზიციურ პარტიებთან მუდმივ მოლაპარაკებებშია და ამ ინიციატივის ლოგიკურობას მისი კოლეგებიც ეთანხმებიან.
„ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მე სისულელეს ვლაპარაკობ. ძირითადი სკეფსისი არის ამაზე – ჩვენ ხომ ვიცით, რა ხელისუფლება გვყავს?! შენ მათ სთხოვ საღ აზრს, მათ კი საღი აზრი ნაკლებად მოეკითხებათ. არის სკეფსისი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ სანდო პარტნიორი არ არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ რასაც მე ვლაპარაკობ, ის რომ ლოგიკურია და მას მორალური პრობლემები არ გააჩნია, ამაზე ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები, ვისაც ველაპარაკები, მეთანხმებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, მართავს თუ არა „გირჩს“ და დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებს მიხეილ სააკაშვილი, იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ არა.
„არა, დედას ვფიცავარ, არ გვმართავს. დანარჩენებზე თავს ვერ დავდებ. მე ვერავისზე ვერ დავდებ თავს. შემიძლია, მხოლოდ საკუთარ თავზე დავდო, ჩემ პარტიაზე, ჩემ მეგობრებზე ან ოფისზე, სადაც ახლა ვარ. ასევე, შემიძლია, ვთქვა, რომ პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე ადამიანზე ეჭვის არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ვინმე ვინმეს მართავს, მათზე ვამბობ, ვისაც კარგად ვიცნობ და ვისიც ასე თუ ისე ვიცი, რა აწუხებს და რა ამოძრავებს. შეუძლებელია, ის ადამიანი მიხეილ სააკაშვილისგან იმართებოდეს, მაგრამ მთელ პოლიტიკურ სპექტრზე ვერ ავიღებ იმის გარანტიას, ვინ ვისგან იმართება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, „გირჩი“ არის პარტია, რომელიც ოპოზიციურ მოძრაობასთან შეერთების დღიდან ოპოზიციის ერთიანობისა და სიძლიერის ერთგულია.
„ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით. ამიტომ, ჩვენი დადანაშაულება იმაში, თითქოს, ჩვენ ოპოზიციის გადაგდებას ვაპირებთ, არის მცდარი და ასეთი რამ არ მოხდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მმართველი პარტიიდან ვინმეს მასთან კომუნიკაციის მცდელობა, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიიდან მასთან კომუნიკაციის მცდელობა არავის ჰქონია.