ცესკო: უცნობია მოტივი, რის საფუძველზეც ივანე ბურდულმა თამარ ჟვანიას სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მომართა

364

ჩვენთვის უცნობია ის მოტივი, რის საფუძველზეც ივანე ბურდულმა მიიღო გადაწყვეტილება და მომართა ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ არც მის უშუალო ხელმძღვანელებთან და არც ცესკოს ხელმძღვანელებთან რაიმე ტიპის კონსულტაცია მას ამის შესახებ არ ჰქონია, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს თანამშრომელმა ივანე ბურდულმა თანამდებობა დატოვა.

მისივე თქმით, ბურდულის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაწყებულ და აგორებული მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„ივანე ბურდული, 2009 წლამდე სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში, იკავებდა იურისტის პოზიციას. 2009 წლიდან ის უკვე იკავებდა დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, სადაც ის ორგზის იქნა არჩეული, ხოლო 2017 წლიდან ის ცესკოს აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტის სპეციალისტად იქნა დანიშნული, სადაც ის კურატორობდა რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიას. ჩვენთვის გაუგებარია ის მოტივი, როდესაც განსაკუთრებით ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ამ დატვირთულ და მეტად მნიშვნელოვან პერიოდში მან მიიღო გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაწყებულ და აგორებული მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. რაც შეეხება ბურდულის განცხადებას გათავისუფლების შესახებ, მას მიეცა შესაბამისი მსვლელობა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას არ აქვს მოთხოვნილი დაუყოვნებლივი გათავისუფლება, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამის ვადებში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილი გამოეხმაურა ცესკოს ყოფილი თანამშრომლის თამარ შუკაკიძის განცხადებებს და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება ერთი წლის წინ პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.

„რაც შეეხება თამარ შუკაკიძეს ის ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და ერთი წლის წინ მოხდა მისი პირადი განცხადების საფუძველზე აღნიშნული პოზიციიდან გათავისუფლება, თუმცა ჩვენ მასთან გვქონდა საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა, ის ორჯერ გვყავდა ხელშეკრულებით დასაქმებული და გარკვეული მიმართულებით ჩართული იყო ადმინისტრაციის საქმიანობაში, შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია ეს ბრალდებები და მოტივი, რომელიც მისი მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არის გაჟღერებული“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე ავადმყოფობის გამო აღარ აკეთებს განცხადებებს.

„ანა მიქელაძე, რა თქმა უნდა, არის ჩვენი თანამშრომელი ის იმყოფება შეუძლოდ და გამოჯანმრთელებისთანავე ის დაუბრუნდება სამუშაო ადგილს და განაგრძობს საქმიანობას“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.