საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.
საკუთარი განცხადების ფოტო, წარწერით – „მშვიდობით ცესკო“ – ბურდულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„დიახ, მე დღეს დავწერე განცხადება და მიმაჩნია, რომ იქ არ უნდა ვმუშობდე რიგი მიზეზების გამო. მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ ბურდულმა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ, რომ ამ პარლამენტს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, რადგან „ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას“.