კახა ფანიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ფანიაშვილი აღნიშნულ სააგენტოში ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ის სამსახურიდან ერთი წლის წინ ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით გაათავისუფლეს, თუმცა, კახა ფანიაშვილი ამას განსახვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებდა.
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა, მის ინტერესებს ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” იურისტი იცავდა. სასამრთლომ ტრანსპორტის სააგენტოს დააკისრა კომპენსაციის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება.
” ჩვენ ვითხოვდით განაცდურის ანაზღაურებას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და ასევე, ბათილად ცნობას იმ ბრძანებისა, რის მიხედვითაც იქნა გათავისუფლებული კახა ფანიაშვილი. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე უკვე დანიშნული იყო სხვა კადრი ამ პოზიციაზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის თაობაზე, ასევე ბრძანების ბათილად ცნობაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე. რაც შეეხება, დისკრიმინაციის ფაქტს, სასამართლომ არ დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი”, – განაცხადა თეა თედლიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, კახა ფანიაშვილი საკრებულოს წევრის, მამუკა ფანიაშვილის ძმაა, რომელიც “ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ, გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა.