“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ ერთობაში არავის არანაირი სურვილი არ აქვს, სიტუაცია რევოლუციური სცენარით განვითარდეს. ამის შესახებ მან TV პირველთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრა და საუბარი და არანაირი სურვილი, რომ რევოლუცია მოხდეს, არავის აქვს. პირიქით, ყველა საუბრობს იმაზე, რომ რაღაცნაირად იქნებ დავაზღვიოთ, რომ ადამიანებში არ იყოს განცდა, რომ ჩვენ სადმე შევვარდებით, რამეს ავიღებთ და ა.შ”, — აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, რევოლუციას პოლიტიკური პარტიები კი არა, ხალხი ახდენს და თუ ძალიან ბევრი ხალხი იქნება გაბრაზებული და ამ ბრაზს ვერსად წაიღებენ, “ოპოზიციურ პარტიებსაც თავზე დაამხობენ ყველაფერს”.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპიზიცია არ აღიარებს და ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უკვე თქვეს. დიდი აქციაა დაგეგმილი კვირას, 8 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
პარალელურად, კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1 ოქტომბერს, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
“საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს,”- ნათქვამია სუს-ის მირ გავრცელებულ გაცხადებაში.