საარჩევნო დარღვევებზე სარჩელით სასამართლოს ენმ-მა და “ევროპულმა საქართველომაც” მიმართა

294

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ არის დაცული, რაც ხმების გაყალბებაზე მიუთითებს.

“3800 უბნიდან საუბარია ათასობით საარჩევნო უბანზე, სადაც ბალანსი ვერ დასვეს. ზოგან მოპარულია ბიულეტენები, ანუ ოპოზიციის ხმები, ზოგან კი, მეტობითაა ხმები, ანუ, ადამიანები არ მოსულან არჩევნებზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მისცეს ხმა. ამას გვიმტკიცებს “ქართული ოცნება”. ეს დარღვევები ოლქმა არც კი განიხილა”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, არსებული ხელისუფლების პირობებში, მათ სასამართლო სისტემის იმედი არ აქვთ, მაგრამ საარჩევნო დარღვევების გამოსააშკარებლად და ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

“ჯღაბნეს ოქმები, შეცვალეს რიცხვები. შემდგომ, როცა მოვითხოვეთ უბნების გახსნა, ეს არ დაგვიკმაყოფილეს და ჩვენ სასამართლოს მექანიზმსაც ვიყენებთ, რომ ყველა გზა გავიაროთ სიმართლის დასადგენად”, – ამბობს “ევროპული საქართველოს წევრი”, ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 38-დან 19 საჩივარი არ განიხილა, ოპოზიციის 21 საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა ისნის საოლქო კომისიამაც.