გახარია: იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა, არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში

347

ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია.

„სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასდროს არ შეზღუდავს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია – ეს ფაქტია, ეს არ არის ჩვენი გამოგონება ან ჩვენი შეფასება. ეს არის ეპიდემიოლოგების შეფასება და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი ინფიცირების რაოდენობის ზრდაში. რა თქმა უნდა, აქ პირდაპირი კავშირია და ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მოქმედებს რამდენიმე გამოწვევის პირობებში, ეს არის პანდემია – კოვიდის გავრცელება გლობალურად და ჩვენთან ქვეყანაშიც, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ არცერთ მიმართულებაზე არ გვაქვს დათმობის არანაირი რესურსი და შესაძლებლობა და ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველას შეუძლია აღასრულოს თავისი გამოხატვის თავისუფლების უფლება ისე, რომ დაიცვას წესები.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის, თუმცა ეს ვერ იქნება და ეს არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე, ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე. მე არ ვამბობ ყველაზე, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავში უკვე აქცია, როგორც ვირუსის გავრცელება და ეკონომიკურ კრიზისში შესვლა, ასეთ სახეს იღებს. არსებობს წითელი ხაზები. ჩვენთვის ეს წითელი ხაზები არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი. იქ, სადაც სახელმწიფოს ხელყოფას და დანგრევას ან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არასდროს უკან არ დაიხევს, ჩვენ ვიქნებით ეფექტურები და სწრაფები იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღვკვეთოთ. ეს არ ეხება გამოხატვის თავისუფლებას, ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველას შეუძლია აღასრულოს თავისი უფლება გამოხატვის თავისუფლების ისე, რომ დაიცვას წესები“, – განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.