იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხმების ხელახალი გადათვლა ოპოზიციას არ აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნები გაყალბებულია, რადგან უბნების ხელახალმა გადათვლამ იგივე შედეგი აჩვენა.
“ეს არის ცარიელი სიტყვები, იმიტომ რომ, 11 და მეტი, უპრეცედენტო რაოდენობის უბნები გადაითვალა, რაც არის ძალიან კომპლექსური პროცესი და ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი ერთზე დაჯდა ის, რაც იყო თავიდან ნაანგარიშევი. შესაბამისად, ისინი [ოპოზიცია] არგუმენტების და რესურსის თვალსაზრისით, ბოლომდე გაკოტრებულები არიან”, – განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.
მისივე თქმით, 48% არის ის რეალური ხმები, რაც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაიმართა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უკვე თქვეს.