მდინარაძე: ხარვეზიან ოქმებში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა მმართველ პარტიას აქვს დაკლებული ხმები, ბუნებრივია, გაყალბება თუ ვინმეს უნდა, თვითონ თავს არ დაიზიანებს

380

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას ოპოზიციის მიერ გავრცელებული სპეკულაცია უწოდა.

მდინარაძემ სპეცუბნებზე მაჟორიტარულ ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფები ხმას პროპორციულ სიას აძლევდნენ, მაჟორიტარს კი მხოლოდ ის ამომრჩევლები ირჩევდნენ, რომლებიც იმ ოლქში ცხოვრობდნენ, სადაც სპეცუბანი იყო გახსნილი. რაც თავის მხრივ დისბალანსის გამომწვევი გახდა.

„პირველ რიგში, შევეხები სპეცუბნებს, სადაც მაჟორიტარულ ოქმებში პრაქტიკულად ყველგან ფიქსირდება დისბალანსი. ეს არის სრულიად ბუნებრივი, იზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი მხოლოდ პარტიებს აძლევდა ხმას, მაჟორიტარ კანდიდატებს კი მხოლოდ იმ ოლქში მცხოვრები იზოლირებული პირი ირჩევდა ანუ თუ ასეთი დამთხვევა მოხდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში. ამიტომ, მაჟორიტარი კანდიდატის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობა იყო ე.წ სპეცუბანზე.

სპეცუბნების ნაწილზე დაფიქსირებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომებიც, რომლებიც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არის ტექნიკური და არავითარ უპირატესობას არ აძლევს მმართველ პარტიას. ეს ნებისმიერ შემთხვევაში გადამოწმებადია და პრობლემა არ არის ამ მიმართულებით არავის მხრიდან. ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას თავისებური სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება და ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად, დაუტრენინგებელი, წევრებით იყვნენ ჩანაცვლებულები და ტექნიკური შეცდომები იყო ბევრი. ასეთი იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული კომისიის წევრი. აქვე შეგახსენებთ, რომ არაერთ ჩვენზე დიდი რესურსის მქონე ქვეყანაში საერთოდ ვერ შეძლეს ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზება. ჩვენ გარკვეული ტექნიკური პრობლემებით, მაგრამ ეს მაინც შევძელით და ამ მიმართულებითც არჩევნები სრულყოფილად ჩატარდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მან, ამასთანავე აღნიშნა, რომ საქართველოში დღემდე ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოქმები ფიქსირდებოდა, თუმცა ამაზე არასდროს არავინ ყურადღებას არ ამახვილებდა, რადგან აცნობიერებდა, რომ ეს ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკაა.

„ ყველა ასეთ შემთხვევას როგორც დღეს ისე წარსულში მიჰყვებოდა ცესკო, იკვლევდა და საჭიროების შემთხვევაში, ეს ოქმები სწორდებოდა. უბრალოდ ამაზე წინა არც ერთ შემთხვევაში, არავინ ამახვილებდა ყურადღებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ხარვეზიან ოქმებში ძალიან ხშირად გვხვდება შემთხვევები, სადაც არა სხვა პარტიას, არამედ სწორედ მმართველ პარტიას აქვს დაკლებული ხმები. ბუნებრივია გაყალბება თუ ვინმეს უნდა, თვითონ ამ პროცესში თავს არ დაიზიანებს,“- განაცხადა მდინარაძემ.