კობახიძე: ტექნიკური ხარვეზები და ოქმებში დისბალანსი ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილი სცენარია

320

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო ოქმებში არსებულ დისბალანსს ოპოზიციას აბრალებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ სადაც ტექნიკური ხარვეზია და ოქმებში ბალანსი დარღვეულია, ეს ოპოზიციის “წინასწარ დაგეგმილი სცენარია”.

“მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები. მათი ამოცანა იყო, რომ ხელი არ უნდა მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის. როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება, ბალანსი აღარ ჯდება.

მეორე მარტივი მანიპულაციაა ის, რომ როცა შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ის  ბიულეტენს იდებს ჯიბეში და ბალანსი არ ჯდება. სადაც არის ტექნიკური ხარვეზი და ბალანსი დარღვეულია, ესაა [ოპოზიციის] წინასწარ დაგეგმილი რაღაც სცენარი, რომელიც განხორციელდა. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება 1-2 ხმის უზუსტობას და არა უმეტესს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე მტკიცებით, “ბალანსის დასმაზე” მან არჩევნებამდე ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რას აპირებდა “რადიკალური ოპოზიცია”.