კაპანაძე: არჩევნებზე 8 400 ე.წ. კარუსელის შემთხვევა გამოვლინდა, ვითხოვთ ამ შედეგების გაუქმებას

354

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე ე.წ. კარუსელი მოქმედებდა, რომლის მიხედვით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი საარჩევნო ყუთში მხოლოდ კონვერტს აგდებდა, ცარიელი ბიულეტენი კი გამოჰქონდა, ხაზავდა 41-ს და შემდეგ ბრუნდებოდა უბანზე, სადაც ყუთში უკვე შემოხაზულ ბიულეტენს აგდებდა.

დეპუტატის ინფორმაციით, ასეთი ე.წ. კარუსელი 969 უბანზე გამოავლინეს და ჯამში 8 400 შეადგინა.

“8400 “კარუსელი” ნიშნავს იმას, რომ 8 400 ცარიელი კონვერტი ეგდო ამ ურნებში. ყველა ამ შემთხვევაზე ჩვენ ვითხოვთ უბნების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, შეუძლებელია ასეთი არჩევენები ჩაითვალოს სამართლიანად”, — განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, შეინიშნება რამდენიმე ძალიან შამაშფოთებელი ტენდენცია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ “არჩევნები ტოტალურად იქნა გაყალბებული და საბოლოო ჯამში გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას”.

კერძოდ, კაპანაძე ამბობს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე უკვე ხელმოწერილ ოქმში გადააკეთეს ციფრები.

“ერთიანი გადააკეთეს ოთხიანად, ხუთიანი გადააკეთეს რვიანად და დამატებითი სამასი ხმა მიიღო ზაურ დარგალმა. ეს არის ოლქი, სადაც დაახლოებით 400-500 ხმა წყვეტს გავა თუ არა კანდიტატი მეორე ტურში, ახლა კი ქართული ოცნების კანდიდატი გადის მეორე ტურში, რადგან ასეთი გადაკეტებული ბიულეტენი არის რამდენიმე”, — ამბობს ის.

გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, არის ორასამდე უბანი, რომელშიც მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენია ჩაყრილი.

“ეს არის 206-ე უბანი, სადაც უფრო მეტი ბიულეტენია ამოღებული, ვიდრე იყო მისული ამომრჩეველი. ეს უბნები უნდა იყოს გაუქმებული. ამ ჩაყრილ ბიულეტენებს სამართლიან არჩევნებთან კავშირი არ აქვს”, — აცხადებს კაპანაძე.

“ევროპული საქართველო” ყველა ამ შემთხვევაზე უბნების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, “შეუძლებელია ასეთი არჩევენები ჩაითვალოს სამართლიანად”.