თამარ ჟვანია დიპლომატებს ხვდება, პარალელურად ცესკოსთან საპროტესტო აქცია იმართება

309

ოპოზიციური პარტიების აქტივისტები რესპუბლიკის მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობამდე მანქანებით მსვლელობას მართავენ. მანქანებზე გაკრულია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გამოსახულებით პლაკატი, რომელსაც აწერია „გამყალბებელი ციხეში”.

აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე, აღმართულია ბარიკადები. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სასტვენები. დემონსტრანტები ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. მათი თქმით, აქციები პერმანენტული იქნება.

პარალელურად კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდება.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ის გაყალბებულია, შესაბამისად, მის შედეგებს არ სცნობს. დღეს, 3 ნოემბერს ოპოზიურმა პარტიებმა მემორანდუმიც გააფორმეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.