არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებზე პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ

293

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, მაშინ როდესაც, მოქალაქეებმა ეს პარტიები იმისთვის აირჩიეს, რომ პარლამენტში შევიდნენ და იმუშაონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია – პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ „ნაც.მოძრაობის” პოლიტიკურ შანტაჟს.

„ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რომ სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ. რომ არა ეს დემოკრატიული რეფორმები, სხვანაირად, ისინი ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. გახსოვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიტიკური სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი. ოპოზიციაშიც გადასვლის შემდეგაც, იგივეს აკეთებდნენ – მონოპოლია ჰქონდათ ოპოზიციაზე და სხვა პარტიებს მხოლოდ მათი ქოლგის ქვეშ შეეძლოთ არსებობა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია – პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ „ნაც.მოძრაობის” პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათმა მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში. ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ „ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ. „ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, როგორც კონკურენტული არჩევნების შედეგი. ჩვენ მზად ვართ და ველით თანამშრომლობას ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან ახალ პარლამენტში. მზად ვართ მშვიდი, საქმიანი პოლიტიკისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.