ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელი ტინი კოქსი ამბობს, რომ პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესმა არჩევნების სამართლიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
მისი თქმით, ახალმა პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საარჩევნო კამპანიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გაუმჯობესდეს.
“ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში ბოლომდე მაინც არ არის წარმოდგენელი ნათელი წესები კამპანიის დაფინანსების, თანხის სიდიდისა და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართ. ეს რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და ეს კარგ სიგნალს არ აძლევს თქვენს მოქალაქეებს.
შესაბამისად, მუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიხედვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც საჭიროა გაკეთდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს”, — განაცხადა კოქსმა.
ტინ კოქსი იმედოვნებს, რომ ის მიგნებები და რეკომენდაციები, რაც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს აქვთ, ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ იქნება გათვალისწინებული.