TI: თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები და დეკლარირების დროს გამოვლენილი დარღვევები

756

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თბილისის საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკური შემოწირულობების ფაქტები შეისწავლა და დარღვევები, მათ შორის, „სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის“ შემთხვევა დაადგინა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკრებულოს 8 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, ლევან აბაშიძე, თორნიკე ბიკაშვილი, ოთარ გრიგოლია, გივი ჩხარტიშვილი, გიორგი შარაშიძე.

„8 თანამდებობის პირმა, კერძო კომპანიაში საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, ლევან ჯაფარიძე, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, თორნიკე ბიკაშვილი, სოფიო ჯაფარიძე, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

5 თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, შალვა ოგბაიძე, თორნიკე ბიკაშვილი, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

4-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში მისი ან ოჯახის წევრის ეკონომიკურად აქტიური კომპანიებიდან მიღებულ შემოსავალზე 0 ლარი მიუთითა, რაც, შესაძლოა, შემოსავლების არასრულად დეკლარირებაზე მიუთითებდეს. ესენი არიან: გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ლევან არველაძე, გიორგი შარაშიძე.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა, კერძოდ: თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ 29 დეპუტატიდან 16-მა, ერთ დღეს, 2021 წლის 12 ოქტომბერს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) შესწირა საეჭვოდ იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ – თანხის ჯამურმა ოდენობამ 115,000 ლარი შეადგინა. 13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა დეპუტატმა – ავთანდილ ცინცაძემ, ალექსანდრე ხუჯაძემ, აკაკი ალადაშვილმა, ირაკლი ხელაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ – ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. მიგვაჩნია, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი, რომ “სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წელს შეისწავლა ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შემომწირველი ფიზიკური პირების ფინანსები და შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებასთან დაკავშირებული დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

თბილისის საკრებულოს წევრთა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა შემდეგნაირად გამოიყურება: საკრებულოს 50 წევრიდან 23 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან, საიდანაც 12 – თანამდებობის პირია. ამ 12 დეპუტატიდან 2021 წელს აქტიური სტატუსის მქონე ბიზნესი 2-ს ჰქონდა (ლევან არველაძე – „ქართული ოცნება“, გიორგი შარაშიძე – „საქართველოსთვის“). 11 არათანამდებობის პირია დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან, საიდანაც 5 პირის კომპანია იყო ეკონომიკურად აქტიური ბოლო ერთი წლის განმავლობაში. საკრებულოს 50 წევრიდან 35-მა დროის სხვადასხვა პერიოდში შესწირა თანხა საკუთარ პოლიტიკურ პარტიას. 8 წევრმა შესწირა 323,286 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 23-მა – 237,242 ლარი „ქართულ ოცნებას“, 2-მა – 65,000 ლარი „ლელოს“, ერთმა წევრმა – 12,085 ლარი პარტიას „საქართველოსთვის“, ერთმა წევრმა კი – 8,100 ლარი პარტიას „ხალხისთვის“.

თბილისის საკრებულოს 6 წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია; მათგან მხოლოდ 1 წევრია თანამდებობის პირი (გიორგი შარაშიძე). ყველაზე მეტი ხელშეკრულება, სხვადასხვა დროს, შემდეგ დეპუტატებთან დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა:

„ქართული ოცნების“ დეპუტატ აკაკი ალადაშვილთან პირდაპირ დაკავშირებულ კომპანია შპს ტრანსპორტერს, 2016-2021 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებში 4,141,182 ლარი აქვს მიღებული – 2,832,990 ლარი 62 ტენდერის და 1,308,192 ლარი 72 გამარტივებულ შესყიდვის შედეგად. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაშიძესთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ 8 კომპანიასთან, 2011-2022 წლებში, გაფორმებულია 96 გამარტივებულ შესყიდვის კონტრაქტი (522 060 ლარი). ამ კომპანიებმა ასევე მოიგეს 39 ტენდერი (946 221 ლარი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.