სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს 5,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,567,583 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არც ერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს, არსებული პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო რწმუნებულების“ გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ისინი ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას. დეცენტრალიზაციის დაბალი დონის პირობებში, „სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია მუნიციპალიტეტებზე ფორმალური თუ არაფორმალური კონტროლის განსახორციელებლად.
კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ ტელეკომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
ძირითადი მიგნებები:
- 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,397,668 ლარი შეადგინა, რაც საერთო ხარჯების 80 პროცენტია, ამავე დროს 100,517 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე(4,297,151 ლარი);
- ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 211,210 ლარი გაიცა, რაც 145,290 ლარით მეტია 2020 წელს გაცემული პრემია/დანამატის (65,290 ლარი) ოდენობაზე;
- ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 98 ავტომობილი, (მათ შორის 13 გაუმართავი/ამორტიზებული), რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 273,432 ლარი დაიხარჯა;
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 602,937 ლარი დახარჯეს 230,692 ლიტრი საწვავის შესასყიდად. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 45,066 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 113,883 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10,663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა;
- სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2021 წელს 48,437 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 4,951 ლარი დაიხარჯა;
- წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 29,948 ლარი გაიღეს, რომლის ძირითადი ნაწილი – 18,889 ლარი იმერეთის ადმინისტრაციაზე მოდის.
თანამშრომელთა რაოდენობა:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (275 დასაქმებული) შედარებით.
ყველაზე მეტი – 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე – 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში.
შრომის ანაზღაურება:
- 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4,397,668 ლარი გაიცა;
- ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 211,220 ლარი გაიცა, რაც 145,290 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;
- 2021 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია ცხრავე ადმინისტრაციაში გაიცა, ყველაზე მეტი – 34 ,820 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე – 6,100 ლარი კი გურიის ადმინისტრაციაში.
- 2021 წელს ჯილდო, პრემია და დანამატი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს არ აუღიათ;
- სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების კონკრეტულ თანამდებობის პირთა მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში
სატრანსპორტო მომსახურება
სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ სატრანსპორტო მომსახურებაში 876,369 ლარის ხარჯი გასწია, საიდანაც 602,937 ლარი საწვავის შეძენაზე, 273,432 ლარი კი ავტომობილების შეკეთებაზე დაიხარჯა.
ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯები
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2021 წელს სულ 98 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 13 ავტომობილი ამორტიზებული ან გაუმართავია;
- ყველაზე მეტი – 14 ავტომობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის სარგებლობაშია, თუმცა 8 მათგანი ამორტიზებულია;
- საინტერესოა, რომ გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე ერთი ტრაქტორი (ბულდოზერიც) ირიცხება;
- სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2021 წელს 273,432 ლარი დაიხარჯა.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.
საწვავი
- 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 230,692 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რომლის 32 პროცენტი – 74,482 ლიტრი უშუალოდ სახელმწიფო რწმუნებულებზე მოდის;
- გახარჯული საწვავის ჯამური ღირებულება 602,937 ლარია;
- სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 45,066 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 113,883 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. 2021 წელს თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10,663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა სახელობითი სია და ინფორმაცია მოქმედი და ყოფილი რწმუნებულების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ.
სახელმწიფო რწმუნებულების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.
საწვავის შეძენასა და ავტომობილების შეკეთებაზე გაწეული ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, თუ რა კონკრეტული უფლებამოსილებების განხორციელებისა და მიზნებისთვის იქნა ეს თანხა გახარჯული.
აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და შესყიდულ საწვავს.
სატელეკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯები:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2021 წელს 48,437 ლარი გახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები, შესაბამისად ქვემო ქართლის მონაცემები ყველა ამ ხარჯს მოიცავს.
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე სამხარეო ადმინისტრაციებმა 4,491 ლარი გახარჯეს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.
წარმომადგენლობითი ხარჯები:
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 29,948 ლარი გაიღეს;
- ყველაზე მეტი, 18,889 ლარის ხარჯი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაზე მოდის
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში.