ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში წინასწარი მონაცემებით 46,10%-ით „ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს, 31,47%-ით მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ შუშანია.
როგორც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 31 ოქტომბერს არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და საზოგადოებამ მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ არჩევნებს, რომელიც თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა “ქართულ ოცნებას”, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გუნდს შეუძლია დააკომპლექტოს მთავრობა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. რაც შეეხება ქუთაისის მერის არჩევნებს, მე მივიღე 46% და ქუთაისში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, მადლობას ვუხდი ჩემს ამომრჩეველს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში კიდევ უფრო მობილიზებული იქნება. ჩვენს კონკურენტებს რაც შეეხებათ, მათ სჩვევიათ ბრძოლის ველიდან გაქცევა და ამიტომ ეს მათი არჩევანია. ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.