„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მომდევნო კვირას ოპოზიცია საერთო საპროტესტო აქციას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა. ოქმები პრაქტიკულად ძალადობრივად დაწერილი. ასეთ არჩევნებს ატარებდა ასლან აბაშიძე, შევარდნაძეც კი არა. ბუნებრივია, საზოგადოებრივი პროტესტი არის ძალიან მაღალი, სამოქმედო გეგმა ეტაპობრივად ეცნობება საზოგაოდებას. მომდევნო კვირას გაიმართება დიდი საერთო ოპოზიციური აქცია. რაც შეეხება პარტიების პოზიციას, ისევე როგორც ამ პარტიებში მყოფი ცალკეული ინდივიდების, ვინც გავიდნენ, ნაწილი დღესვეა მზად და ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას და არ შევა ამ პარლამენტში. ნაწილმა პარტიებმა ამ საკითხზე მაქსიმუმ ერთი დღე აიღეს შიდა კონსულტაციებისთვის, მაგრამ ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ, რომ არ შევიდეს პარლამენტში და დარჩეს ივანიშვილი საკუთარ თავთან მარტო. იყოს იმ პარლამენტში როგორც თურქმენბაში, ვნახავ სადამდე გაგრძელდება მისი მხრიდან ეს ტაკიმასხარაობა“, – განაცხადა უგულავამ.