კაპანაძე: პარლამენტის ბოიკოტი ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც ნამდვილად განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის შიგნით მივიღებთ

347

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები განიხილავენ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა.

მისივე თქმით, დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილ აქციაში ,,ევროპული საქართველოც” მიიღებს მონაწილეობას.

„შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არჩევნები იყო თავისუფალი. სერიოზული კითხვის ნიშნები არის ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება საპროტესტო აქცია 4 საათზე, შემდეგ გვექნება შიდაპარტიული კონსულტაციები იმაზე თუ როგორ ვიმოქმედებთ. ლეგიტიმაციის პრობლემას ვხედავ, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ნამდვილად განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ პარტიის შიგნით კონსულტაციების შედეგად. ჩვენ, ,,ევროპული საქართველო” აუცილებლად ვიღებთ მონაწილეობას აქციებში, იმიტომ, რომ ჩვენ ვალი გვაქვს იმ ადამიანების, რომლებმაც ნახეს, რომ მათი ნება არ იყო ბოლომდე ასახული ბიულეტენებში და შედეგებში”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.