საია: ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ეს იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული და ჩატარებული არჩევნები

672

საიას შეფასებით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით.

კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომელიც უკავშირდებოდა:

  • ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას დროს თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას უშლიდა ხელს);
  • ფარულობის პრინციპის დარღვევას;
  • მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის რიგ შემთხვევებში ადგილი ქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემას და არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებას და ხმის მიცემას;
  • გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს;
  • არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე;

საიას ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლების მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევებში დამკვირვებლებს არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას საარჩევნო უბანზე. 2 დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი.

საიას დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიცისა მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა.

დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებში და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა. დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები, რომელიც საიამ უარყოფითად შეაფასა, ხოლო შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხევები).

ტენდენცია იყოს საუბნო საარჩევნო კომისიებს არაორგანიზებულობა, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას.

დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნის დახურვის შემდეგ პერიოდშიც. ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება.

ხშირ შემთხევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია დაულუქავად მიდიოდა.

საიამ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებასაც, რამაც ამომრჩეველში მანიპულაციის შეგრძნება გააჩინა.

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის ისე არჩევნების დღეს.

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. საბოლოოდ მისიამ საერთო ჯამში 2250 უბნამდე დაფარა.

საია ყურადღებას ამახვილებდა როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს უწევდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც იყენებდა საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

არჩევნების დღეს საიაში ასევე მუშაობდა ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ქონდათ, მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.

ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საიამ დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენცია ჩაატარა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია გაიმართა: 10:00, 14:00, 18:00 და 21:00 საათზე. ხოლო 1-ლ ნოემბერს 12:30 საათზე.

საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.