თამარ ჟვანია ცესკო-ში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

256

ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარე თამარ ჟვანია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს და ცესკოში მისვლისკენ მოუწოდებს.

თამარ ჟვანიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები “ნაციონალურ მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ცესკოში წარმოდგენილმა წევრებმა გააპროტესტეს.

“მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მობრძანდნენ აქ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო შედეგებს. ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ცხადდება წინასწარი შედეგები ონლაინ რეჟიმში, შემდგომ საბოლოოდ ჩამოყალიბება და საბოლოო წინასწარი შედეგების გამოცხადება. ცენტრალური საარჩევნო კომისია 100% უბნების საფუძველზე აუცილებლად გამოაცხადებს წინასწარ შედეგებს. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი უბნებისა, დიდი ქალაქების გარეშე, რომელიც აუცილებლად შეიცვლება.

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, იმ პირებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეები, ძალიან ვთხოვ ყველას, მისცენ საშუალება საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დათვალოს ხმები, ზუსტად ისე, როგორც წლების განმავლობაში ითვლებოდა აბსოლუტურად სწორად და ეს დასტურდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის შედეგებით. ჩვენ საბოლოო შედეგებს ცხადია, გამოვაცხადებთ 100 პროცენტი უბნების საფუძველზე.

ახლა კი მინდა, ყველას შემოგთავაზოთ, რომ დავრჩეთ ერთად დილამდე ლაივ რეჟიმში ვუყუროთ შედეგების განახლებას და ვნახოთ, როგორი იქნება წინასწარი შედეგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დანარჩენი, თითქმის 2/3-ზე მეტი საარჩევნო უბნების საფუძველზე დაამუშავებს და საჯაროდ გამოაცხადებს. ოქმები ყველა საჯაროდ დევს ცესკოს ვებ-გვერდზე და აქვს ყველა ჩართულ მხარეს. შესაბამისად, არავის შეუძლია ამ ოქმების გარეშე რაიმე ციფრებზე საუბარი. ყველა ოქმს შევიყვანოთ და საზოგადოებას მივაწვდით წინასწარ შედეგებს აკურატულად დათვლილს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თამარ ჟვანიას მიერ საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ცესკო-ს წევრებმა „ქართული ოცნების“ შედეგი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ცესკო არჩევნების შედეგების გაყალბებას ხელს უწყობს.